Saturday, July 13, 2013

მთვარე მორიელის -- "soul mates become soulless "

ივლისის შუა რიცხვებია, თოთხმეტი თუ ცამეტი, დღეები მერევა, დროის შეგრძნება უკვე კარგა ხანია დავკარგე. ბოლო სიზმარი მგონი აპრილში ვნახე. არაა ? ჰო ! ჰო ! რავიცი ...სიზმარსა და სიზმარს შორის მეხსიერებაში ჩავარდნები მაქვს, გონება ისევ პარტიკულარებად არის დაყოფილი და აქა იქ ტოვებს წარსულის გადღაფნილ ლაქებს.



როცა გარშემო სრული სიჩუმე ჩამოვარდება, როცა ეზოდანაც არ ამოდის,სახლიდან უპატრონოდ გამოყრილი ბავშვების აურზაური, მაშინ დგება ჭეშმარიტი მუსიკის დიადი გამარჯვების წამი. ჩემ გვერდით იმ წუთასვე შუბერტი გაჩნდება,ავსტრიელი ნაბიჭვარი. ზის და აჟღერებს "ავე მარიას " თან სახეში მიყურებს ეგ ახვარი, სულ ფეხებსშუა, რომ განძი აქვს იმაზე კიდია, როგორ მანადგურებს თითოეული ბეკარით, თითოეული ბემოლით , დიეზით, მინორით .



ისე ვატყობ, ამ ბოლო დროს, ცოტა საერთო ენა მაინც ვიპოვეთ. ყოველთვის როცა ვუსმენდი, ან მაიძულებდა მესმინა, რაღაცნაირად ვითრგუნებოდი, ამის წინ კი, როცა ეს არისტოკრატიული მიდრეკილებების მქონე ავსტრიელი, სისხლის გამხმარი ლაქის ფერი თვალებით მიყურებდა მეუბნებოდა, რომ ცხოვრება ყოველთვის გრძელდება, რაღაც რაღაცეები ყოველთვის ხდება, ადამიანები კოღოებს ჰგვანან – შეგახტებიან და კარგად მეყოლე. შენ იფხან და იფხან,. კვდები ფხანით, ფრჩხილებით კანს იგლეჯ, სისხლი გდის მაგრამ კოღოებს ვერ იშორებ. სადაც ფეხს დავდგამ ყველგან კოღოებისგან დაკბენილი ადამიანები მხვდებიან, მაგრამ უნდა ავღნიშნო , რომ ეს ყველაფერი ამჯერად ჩემზე დადებითად მოქმედებს ~, იმის მაგივრად, რომ დეპრესიაში ჩავვარდე, მაგრად ვხალისდები. სულ უფრო და უფრო მეტი ნაკბენის ნახვა მინდა, ისედაც კანგადაყვლეფილი ადამიანების კანზე. დაე ისემც უქნია ფხანაში ამოხდიათ სული ყველას .



ისე კი ვფიქრობ, რომ ფხანას და შუბერტის ცინიკოსობას გაუძლებს კაცი. მთელ ამ გაუგებრობაში ის კი არ არის გასაკვირი ადამიანებმა საკუთარ სანეხვეზე ვარდები რომ გაახარეს, არამედ ის რომ რაღაც გაუგებარი მიზეზით მათ ამ ვარდების გახარება სურთ. რაღაც აუხსნელი მიზეზით ადამიანები სასწაულს ელიან და ამ სასწაულის სახელით ერთმანეთს სისხლში ახრჩობენ, იდეურ დებოშებს აწყობენ . მზად არიან აჩრდილებად იქცნენ, ოღონდ კი ერთხელ მაინც მოუხუჭონ თვალი საზარელ რეალობას. ყველაფერს ვუძლებთ: დამცირებას, სირცხვილს, სიღატაკეს, შიმშილს, –იმ იმედით, რომ ერთ დღეს სასწაული მოხდება და ამ სასწაულის წყალობით ჩვენი ცხოვრება ასეთი გაუსაძლისი აღარ მოგვეჩვენება. მოკლედ ერთგვარად ამ ილუზიის ტყვეობაში ვართ და კაცი არ მოიძებნა კარი, რომ გაგვიღოს და ტყვეობიდან გვიხსნას.



ივლისის შუა რიცხვების ეს მშვენიერი დილა ასეთ სამყაროში მითენდება, ჯუნგლების სამყაროში, რომელშიც მშიერი და ბრჭყალებალესილი აჩრდილები დაძრწიან და თუ მე ამ ჯუნგლების ბინადარი აფთარი ვარ, მაშინ მშიერი და გაძვალტყავებული აფთარი ვყოფილვარ, ჰოდა, დროა, მოვსულიერდე და მოვიკეთო .

No comments:

Post a Comment